ორი ამხანაგი სანადიროდ წავიდა. ნახეს, ერთი მეძუძური დათვი მოდოდა. იარეს და მისი სორო იპოვეს. თქვეს: სოროში დათვს ბელები ეყოლება, ისინი გამოვიყვანოთო!
ერთი ამხანაგი შიგნით შევიდა და მეორე გარეთ დადგა. მეორემ ნახა, რომ დათვი დაბრუნებულიყო, შეშინდა და ხეზე ავიდა. დათვმა სოროში შესვლა მოინდომა. მეორე ამხანაგმა თქვა: თუ დათვი სოროში შევა, ჩემს ამხანაგს ხომ მოკლავსო.
დათვი რომ წელამდე სოროში შევიდა, ჩამოვიდა ხიდან მეორე ამხანაგი, დათვს კუდზე მაგრად მოეჭიდა და სოროს პირს ორივე ფეხები მიაჭირა. დათვმა ყვირილი მორთო და მიწას ბრდღვნა დაუწყო, სორო სულ მტვრით აავსო.
შიგნით მყოფმა ამხანაგმა დაიყვირა: - ნუ ამტვერებ, მტვერმა დამახრჩოო!
გარეთა ამხანაგმა უთხრა: კუდი რომ ხელით არ მეჭიროს, მტვრით დახრჩობას მაშინ ნახავდიო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი