ერთხელ კატამ ნახა, რომ ძუ ლომი მომკვდარიყო და ერთი ბოკვერი დარჩენოდა. კატამ ბოკვერი გასაზრდელად წაიყვანა. როცა ბოკვერი გაიზარდა და ლომი გახდა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.
ერთ დღეს ნადირი ვეღარ იშოვა და თავისი გამზრდელი კატის შეჭმა მოინდომა. კატა მიხვდა ლომის განზრახვას, თავს გაქცევით უშველა და ხეზე აძვრა. ლომი ხის ძირში წამოწვა და უთხრა:
- ჩემო გამზრდელო და დედაზე უსაყვარლესო, ყველა შენი ხერხი და ზნე რომ მასწავლე, ხეზე ასვლა რად აღარ შემასწავლეო?
კატამ უპასუხა: ეს ხერხი ჩემთვის შევინახე, ვიცოდი გაჭირვების დროს გამომადგებოდაო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი