ერთ მეფეს მშვენიერი, აყვავებული წალკოტი ჰქონდა.
მივიდა მებაღე და მეფეს მოახსენა:
- ვარდზე ბულბულს ბუდე გაუკეთებიაო.
მეფემ უბრძანა:
- არ შერჩეს ბულბულსა მაგის ქმნაო!
გავიდა ხანი. მოვიდა მებაღე და მეფეს მოახსენა:
- ბულბულმა ბარტყები გამოჩეკა; მოვიდა გველი, ბულბულიც შეჭამა და ბარტყებიცო.
მეფემ უბრძანა:
- არც გველს შერჩეს მაგისი ქმნაო!
კიდევ მივიდა მებაღე და მოახსენა:
- ბალახს ვთიბავდი და გველი შემომაკვდა, ნამგლით გავჭერიო.
მეფემ უბრძან:
- არც შენ შეგრჩესო!
მეფემ ყველა დაითხოვა და ოჯახით წალკოტში ლხინი ინება.
მებაღე ერთს ხეზე ავიდა და დაიმალა, მცველებმა იპოვეს და მეფეს მოგვარეს. მეფემ მისი სიკვდილი ბრძანა.
მებაღემ მოახსენა: როგორც ჩვენ არ შეგვრჩა შენი ბრძანების შეუსრულებლობა, არც შენ შეგრჩება ჩემი სიკვდილიო!
გაეცინა მეფეს და მებაღე აღარ მოკლა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი