ერთი კაცი ყანას მკიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმა გველმა მეორე დააწვინა, გარშემო წრე შემოავლო და წავიდა. მივიდა მესამე გველი. დაინახა, წრის შიგნით ერთი გველი წევს, წრე არ მოშალა, შეიკრუნჩხა, წრეში ჩახტა, გველი მოკლა, უკან გადახტა და წავიდა.
მოვიდა მეორე გველი და თავისი ტოლი გველი მოკლული ნახა. კაცს ცხენისათვის ბალახი დაეთიბა და კონად შეეკრა. გველი შიგნით შეძვრა და დაიმალა.
როცა კაცმა მუშაობა დაამთავრა, თივა აიკიდა და შინ წაიღო. ღამე გველი გამოძვრა, ჯამჭურჭელი სულ დაუშხამა და თივაშივე დაიმალა.
მეორე დღეს კაცმა გველების ამბავი ცოლს უამბო. როცა გველმა კაცის უდანაშაულობა გაიგო, გამოძვრა და რაც გესლით ჭურჭელი დაშხამა, სულ ჩამოყარა, დაამტვრია და წავიდა.
ცოლ-ქმარი მიხვდა, რომ გველი თან მოჰყოლოდათ, უდანაშაულობისთვის ჭურჭლის დაშხამვა ეცნობებინა და წასულიყო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი