ერთი გლახაკი სახლში იჯდა და ინატრა:
- ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცი; ერთიც რომ დააკლდეს, არ ავიღებო.
ერთი მდიდარი კაცი ამ დროს ბანზე დადიოდა, გაიგონა და თქვა:
- მივიტან და გამოვცდი ეს კაცი მართლა ასე თუ მოიქცევაო?
წავიდა, ხუთასი მარჩილი დათვალა, ათი დააკლო და ბანიდან ჩაუგდო.
დათვალა კაცმა და ნახა, რომ ათი მარჩილი აკლდა და თქვა:
- ღმერთო, კურთხეულ ხარო! ერთი მარჩილიც რომ გებოძა, იმასაც დაგიმადლებდი და ამაზე როგორ გაგიწყრებიო.
ჩამოვიდა მდიდარი კაცი და უთხრა:
- ფული ჩემია, გამოგცადე. მომეცი, უნდა წავიღოო!
გლახამ თავი შორს დაიჭირა:
- შენთვის არ მითხოვია, ღმერთს ვსთხოვე და მომცაო.
შეეცილნენ ერთმანეთს და ყადთან (მოსამართლე) წავიდნენ საჩივლელად.
გლახამ უთხრა: მე არაფერი მაცვია და შენ კარგად მორთულხარ, ეგ შენი ტყავ-კაბა მათხოვე და წამოვალო.
მდიდარმა ამდენს სიკეთეზე ესიც დაამატა, ათხოვა სამოსი. ჩაიცვა გლახამ და წავიდენ ყადთან.
გლახაკმა თქვა:
- ეგ ისეთი ცილისმწამებელი კაცია, თუ ამ ტყავ-კაბასაც არ შემეცილება, ნახავთო!
მდიდარმა უთხრა:
- ახლა არ გათხოვეო?
ამაზე ყადი გაჯავრდა, მდიდარი გაროზგეს და სამოსიც ჩამოართვეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი