ერთმა გრძნეულმა ექიმმა შეგირდი აიყვანა, გაწვრთნა და უცხო გრძნეულებები ასწავლა. ორივენი ინდოელები იყვნენ.
შეგირდი მეფის ქალაქში მივიდა. ერთი ჭაბუკი ნახა, დიდად მოეწონა, კარგი და ახოვანი კაცი იყო, მაგრამ ძალიან გაყვითლებულიყო, გამხდარიყო, ეშხიანობა მოჰშლოდა და ვარდი ზაფრანად გადაქცეულიყო.
ექიმის შეგირდმა ჰკითხა: რა გჭირს, ძმაო, რა სენი შეგყრია? მე მოგარჩენო.
კაცმა უპასუხა: შენ როგორ უნდა დამეხმარო, მთელი ქვეყნის ექიმები შეიყარნენ და ვერაფერი მიშველეს; თავი დამანებე და წადიო!
ექიმის შეგირდმა დაიფიცა: ისეთი რა უნდა გჭირდეს, მე რომ არ გიწამლოო.
კაცმა უთხრა: შენ როგორ მიწამლებ? ერთ დღეს მეფის ასული აბანოში მიდიოდა, სარკმლიდან დავინახე, გულში მისი ტრფობა ჩამივარდა და ასე გამხადა. შენ რით მიშველი? შოვნა არ ძალგიც, და თხოვნა და ქორწილი, მე კი უმისოდ არ მოვრჩებიო.
ექიმმა უთხრა: შემომფიცე, რომ ქალს ხვევნა-კოცნას არ დააკლებ და მალე გიწამლებო.
კაცმა ფიცი მისცა, ექიმმა რაღაც ულოცა და ერთი ისეთი გრძნეულება ჰქნა, რომ როცა დაღამდა, მეფის ქალი ზეწარში გახვეული შემოვიდა; კაცმა გვერდზე დაისვა, მოეხვია, უალერსა და როცა ირიჟრაჟა, ქალი წავიდა. როცა შინ მივიდა და ცნობაზე მოვიდა, შექმნა ტირილი, კივილი, მეფე-დედოფალი შემოვიდნენ, გამოკითხვა დაუწყეს: რა შეგემთხვაო? მან ყველაფერი უამბო. მეფე-დედოფალი დიდად დაღონდნენ.
მეფემ გამოკითხა ვეზირებს და მათ მოახსენეს: მეფეო, ის კაცი ჩვენი თემიდან არ არის, უცხო ქვეყნიდან მოსულს ჰგავს. თუ შენს ასულს ამ ღამესაც წაიყვანენ, გააფრთხილე, რომ ხელი მელნით გაისვაროს; როცა მივა, კარს ხელი ჰკრას, ზედ ხელი გამოისახება. ხვალ მოვძებნოთ, რომელ კარზეც მელნიანი ხელი იქნება, იმ სახლის პატრონი შევიპყროთ და რაც გენებოთ, უქენითო.
ასეც მოიქცნენ. იმ ღამეს წავიდა ქალი და კარი მელნით დასვარა. გათენდა დილა. ექიმმა უთხრა ჭაბუკს: შვილო, ცუდია, თუ ჩვენი საქმე გაიგეს; გარეთ გადი და ნახე, ჩვენს კარმიდამოზე რამე ნიშანი არ იყოსო!
გამოვიდა ჭაბუკი და კარზე მელნიანი ხელი ნახა. შევიდა და ექიმს უთხრა. ექიმმა რაღაც შეულოცა და ქალაქის ყველა სახლის კარზე მელნიანი ხელი გამოისახა.
ვეზირებმა მრავალი ჯოხებით შეიარაღებული კაცები გაგზავნეს ხელის საძებრად. წამოვიდა ვეზირი და თავისავე სახლის კარზე გამოსახული ხელი ნახა. გაუკვირდა და შეშინდა. მივიდა მეფის კარზ და ხელი იქაც ნახა, რაც კარი გაიარა, ყველგან ხელი იყო გამოსახული. მივიდა მეფესთან და მოახსენა: თქვენს ასულს ამაღამ ქალაქი სულ დაუვლიაო.
დაიწყეს ბჭობა და თქვეს: ამ ღამეს ხელმანდილში ფეტვი ჩაიყაროს, ძირი გაუხვრიტოს. ფეტვი დაიბნევა, ხვალ კვალს მივყვეთ და ვიპოვითო.
ასეც მოიქცნენ.
მეორეს დღეს გამოვიდა ჭაბუკი, ფეტვი ნახა და ექიმს უთხრა:
- ჩვენს კარზე ფეტვი მოუფანტავთო.
ექიმმა ისევ გრძნეულებას მიმართა, შეულოცა, მოფრინდა მრავალი ჭივჭავი და ფეტვი სრულებით აკენკეს.
როცა ვეზირებმა ამ გზით ვერაფერს მიაღწიეს, ქალი ვაჟად მოკაზმეს, ოცი კაცი გაატანეს, მოედნის გარშემო სვლა დააწყებინეს და უთხრეს: სადაცა ის კაცი ნახო, ხომ იცნობ და უთხარი ამ კაცებს და შეიპყრობენო.
დაიწყეს სვლა და ქალმა მართლაც დაინახა და იცნო ჭაბუკი, რომელიც ბაზართა ჯდა.
ექიმი იქ არ იყო. ჭაბუკი შეიპყრეს და მეფეს მიგვარეს.
მეფემ ბრძანა:
- ეს კაცი ძელზე ჩამოჰკიდეთ, ყოველი კაცი გამოვიდეს, თოფი და ისარი დაუშინონ და ზედ ძელზე დააკლანო!
გამოვიდა ყოველი კაცი და მათთან ერთად ექიმიც. ექიმმა ჭაბუკი რომ ძელზე დაკიდებული ნახა, გრძნეულებას მიმართა და ვინც თოფი ან ისარი ესროლა, ყველა უკუიქცა და მსროლელსავე მოხვდა და მოაკვდინ. ამოსწყდა მეფის მრავალი ჯარისკაცი.
ვეზირმა მეფეს მოახსენა:
- ამ კაცს ჩვენ ვერაფერს დავაკლებთ, სხვაგვარად მოვუაროთ, მცირეს ხანს საპყრობილეში ჩავსვათ და მერე, როგორც სჯობდეს, ისე მოვიქცეთო.
მეფემ ჭაბუკის ჩამოხსნა და დაპატიმრება ბრძანა. მივიდა ექიმი, მცველს ერთი ფლური მისცა და უთხრა: ეგ კაცი ჩემი მოვალეა; კარი გამიღე, შევალ და ვნახავ, ფული არ დამეკარგოს, მერე გამოვალო.
მცველმა შეუშვა ექიმი, კარი გარედან დაკეტა, გასაღები საქამრეზე დაიკიდა და წავიდა.
როცა დარუნდა და კარი გააღო, ნახა, რომ საპატიმრო სახლი წალკოტად გადაქცეულიყო. თურმე ექიმს გრძნეულებისთვის მიემართა და საპატიმროში მრავალი საუცხოო ხეხილი იდგა, უცხო ყვავილები ყვაოდნენ, გარემო კეთილ სურნელი იდგა. აუზები წყლით იყო სავსე და ორი კაცნი მაღლა ოქროს ტახტზე ისხდნენ. მცველმა კარი ეგრევე დახურა, მივიდა და ყველაფერი ვეზირს უამბო:
ვეზირმა მეფეს მოახსენა: მათგან დასაჯერია, წავიდეთ, ვნახოთო!
მივიდნენ მეფე და ვაზირი, შევიდენ საპატიმროში და ყველაფერი რაც ნახეს, მონათხრობზე უკეთესი და ქების ღირსი იყო.
აუზის პირას ერთი ატამი იდგა. მეფემ მისი ჭამა ინება, დაკრიფა და იქვე ჩამოჯდა. ვიდრე მეფე ერთს ატამს გაფცქვნიდა, ვეზირმან პირზე წყალი შეისხა და ქალად გადაიქცა, ვითომ ვიღაც კაცის ცოლი იყო, მოვიდა მისი ქმარი, აგინა და წაიყვანა.
ქალი დაორსულდა, ვაჟი ეყოლალ ყრმამ ფეხი აიდგა. ქალს ისევ ვეზირის გონება ჰქონდა. წამოვიდა საპატიმროში, ვაჟიც თან მოჰყვა და ისევ კაცად გადაიქცა. მეფეს ჯერ ატამიც არ გაეფცქვნა.
ვეზირმა ჰკითხა: ეგ ატამი წლევანდელია თუ შარშანდელიო?
მეფემ უთხრა: რას ამბობ, ახლა არ შემოვედითო?
ვეზირი შეეკამათა: ქალად გადაქცევის ამბავი და ყრმის დაბადება უამბო. გაუკვირდათ და თქვეს: რადგან ვერაფერს გავხდით, მეფის ასული ამ ჭაბუკს შევრთოთ და ვეზირის - ექიმსო!
ქორწილი გადაუხადეს და კარგად მოილხნეს.
გავიდა ხანი. ვეზირს წყენა არ დავიწყებოდა და თავის ქალს უთხრა: როცა ექიმი შენთან დაწვება და დასაბანად წყალს გაათბობს, ვიდრე იბანდეს, მაცნობეო!
როცა ექიმმა წყალი გაათბო, ცოლმა დაუქცია და მამას აცნობა. ექიმის გრძნეულებამ ვეღარ გაჭრა და შეიპყრეს. ვეზირი მივიდა მეფესთან და ორივეს დახოცა გადაწყვიტეს.
მეფემ თავის ქალს ჰკითხა, მაგრამ მან უარი თქვა: რადგან ერთ ავს კაცს მიმეცი, მე აღარ ვიკადრებ მის გამოცვლასო.
მეფის ქალმა ჭაბუკი არ მოაკვლევინა, და ექიმზე ზოგმა თქვა: მოკლესო და ზოგმა - არ მოუკლავთ, გამოაძევესო. მოკვლა ტყუვილი აღმოჩნდა და გამოძევება მართალი.
როცა ექიმის მასწავლებელმა თავის შეგირდის გრძნეულებები შეიტყო, გაწყრა თავის შეგირდზე და მის მოსაკლავად წავიდა, უარეს საქმეს იზამსო.
ექიმს უამბეს: შენი მასწავლებელი მოვიდა და სიკვდილს გიპირებსო.
შეგირდი შეშინდა, მტრედად იქცა და გაფრინდა; მასწავლებელი შავარდნად იქცა და გამოედევნა. ახლოს ჩინეთის მეფე ნადირობდა, შეგირდი გვირგვინად იქცა და თავზე დაეხურა. შეექმნათ სიხარული, ზეციდან გვირგვინი გვიწყალბესო. მასწავლებელი მეჭიანურედ იქცა და მივიდა. მეფე სუფრაზე იჯდა, მასწავლებელმა ჭიანურზე ტკბილად დაამღერა.
ჰკითხეს: სადაური ხარო?
მან უპასუხა: საიდანაც გვირგვინი მოვიდა, მეც იქაური ვარო.
უფრო გაიხარეს. მეჭიანურემ მეფეს აფიცა: რადგან ორივე ერთი ადგილიდან მოვსულვართ, მაგ გვირგვინის თავზე მაკოცნინეო!
როგორც კი მეფემ გვირგვინის კოცნა ბრძანა, გვირგვინი ბროწეულად იქცა, ჩამოვარდა, გასკდა და მარცვლები გაიფანტა.
მასწავლებელი მამლად იქცა და მარცვალს კენკვა დაუწყო.
ყველა გაშტერდა...
ბროწეულის ქერქიდან კაცი გამოძვრა და მეფეს მუხლს მოეხვია: მიშველე რამე, ჩემი მასწავლებელია და მკლავსო! მამალიც მაშინვე მასწავლებლად გადაიქცა.
შეიქმნა გამოკითხვა და მეფემ ყველაფერი შეიტყო. შეგირდს აღთქმა დაადებინეს, რომ გრძნეულებები აღარა ქნაო, მაგრამ მისი სიკვდილი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ის, რომ ამგვარი გრძნეულებები არ იქნება.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი