თუნჯარის ქვეყანაში ჩამოვედი. იქ მრავალი ისეთი თილისმა და გრძნეულება იციან, ჭკუათამყოფელი კაცი ვერაფერს გაიგებს.
ძველთაგან, დიდ მთაში ერთი კლდე გამოუხვრეტიათ, შიგნით ერთი დღის სავალი ბნელით არის მოცული, გარედან ერთი დიდი რკინის კარი შეუბამთ და ასეთი თილისმა ადევს: წელიწადში ერთხელ კარი გაიღება, ექვსი ჟამი ღია არის და შემდეგ დაიხურება. შიგნით ტყავის ქარტების (ქართები) წიგნები შეუკრავთ და ზედ არაბულად თილისმები და გრძნეულებები დაუწერიათ.
ვისაც მისი სწავლა უნდა, ერთის წლის საგზალი და სანთელი უნდა მოამზადოს და კართან დადგეს. როცა გაიღება, შევიდეს და ერთ წლამდე შიგნით იყოს; ძნელი თილისმები იპოვოს და გადაწეროს, გრძნეულებები შეითვისოს; როცა ერთი წლის შემდეგ კარი გაიღება, გამოვა, და რასაც უნდა გააკეთებს.
იქ ვიყავი, როცა ეს ამბავი გავიგე, მაგრამ მე თვალით არ მინახავს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი