ინდოეთში მივედი და მრავალი უცხო რამე ვნახე: ხე, ხილი, პირუტყვი, ფრინველი, მაგრამ ეს რომ მოვყვე, სიტყვა გამიგრძელდება და მეფეს თავს არ შევაწყენ.
მრავალი უცხო მოასპარეზე მოვიდა ხელმწიფესთან, მაგრამ სამი კაცის ასპარეზობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა.
ერთი კაცი მოვიდა და დადგა, თან ორმოცი შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა, ოსტატსა ერთი ფეხი მარჯვენა მხარზე დაადგა, მეორე - მარცხენაზე. მასზე სხვა დადგა, მასზე კიდევ სხვა და ორმოცივე ერთმანეთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადრკა და არც ქვემოთა კაცმა შეიმჩნია მათი სიმძიმიმე. შემდეგ ქვედა კაცმა სიარული დაიწყო, ხან დაჯდა, ხან ადგა, ბოლოს გაირბინა, შეხტა და კაცები გადმოყარა. არცერთი ზურგზე არ დაეცა, ყველანი ფეხზე დადგნენ.
მოვიდა მეორე მოასპარეზე. ხეები ფიცრებად დაეთალა და მფრინველის მსგავსად მხრები და ფრთები იმით გაეწყო. მერე შეიხსნა ფიცრები და დაიწყო ფრენა. ხან მთაზე აფრინდებოდა, ხან მინდორის თავზე დაფრინავდა, ისე, რომ ყველას ფრინველი ეგონა. ისეთი ფრენა არწივს არ შეუძლია.
მოვიდა მესამე მოასპარეზე და ერთი კანაფის გორგალი მოიტანა. ერთი წვერი ხელით დაიჭირა და გორგალი ჰაერში შეაგდო. გორგალი გაიშალა და ჰაერში ავიდა. როცა სრულებით გაიშალა და ჰაერში აღარ გამოჩნდა, მოთამაშემ კანაფს დასწია, ვერ ჩამოიღო, კიდევ მოზიდა და ვერ ჩამოიღო. თქვა: გავალ ამ თოკზე, ჰაერში რამ დააბაო?!
მოასპარეზე გავიდა თოკზე, ავიდა ჰაერში, გაქრა და აღარ გამოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ, შეიქნა ერთი კივილი და კიჟინა, თოფის სროლა და გრიალი, კაცი გაოგნდებოდა. ჰაერიდან ზოგან კაცის თავი ჩამოვარდა, ზოგან მოკვეთილი ხელი და ფეხი და ზოგან გაკვეთილი კაცი. ეს ჩვენი მოასპარეზეც შუაზე გაკვეთილი ჩამოვარდა.
ეწყინა მეფეს და ყველას ხასიათი დაგვიმძიმდა.
მოვიდა მოასპარეზის ცოლი ორი შვილით, ცეცხლში შევიდნენ და დაიწვნენ. ნაცარი გაანიავეს, როგორც ინდოელების წესია.
მცირე ხნის შემდეგ მოასპარეზე ჰაერში გამოჩნდა და თოკით ჩამოსრიალდა. როცა ცოლისა და შვილების დაწვის ამბავი უთხრეს, თქვა:
- მე არც ომი მინახავს, არც ყიჟინა მსმენიაო.
მეფემ სამძიმარი უთხრა და სამეფო სამოსელით შემოსა, სიასამურის ტყავი წამოასხა. მოასპარეზე მივიდა, ხელმწიფეს თაყვანი სცა. ერთი კალთა გაიბერტყა, ცოლი ცოცხალი გადმოსვა; მეორე გაიბერტყა და შვილები გადმოსვა. ყველას გაუკვირდა: ამგვარი მოთამაშე არავის უნახავსო.
მეფემ უხვად დაასაჩუქრა და გაისტუმრა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი