ერთ წყაროზე მივედი. ორი კაცი წყალსა სვამდა. როცა მნახეს, ჩემი ნახვა ეამათ. დასხდენ ჭამად და მეც მიმიწვიეს. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ. ერთი პური ერთმა დაიდო და მეორე - მეორემ. მე პური არ მქონდა, ნახევარი ერთმა მომიტეხა და ნახევარი მეორემ.
ჩემი წილი თურმე მეტი შეიქნა და როცა შევჭამეთ, მათ არა ეყოთ. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავემ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო.
ორნი ერთს როგორ ვერ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს და ორთავემ ას-ასი არგანი (ჯოხი) მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვევედრებოდი, ხან სხვა რამეს ვეტყოდი, მაგრამ არ შემიბრალეს.
მე ვუთხარი: თქვენ ვისაც დაეწვევით, მასაც თქვენთვის ასე ექნას-მეთქი!
მიმატოვეს ასე დაბმული და სწრაფად წავიდნენ.
მოვიდა ვიღაც მოწყალე კაცი; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყველაფერი მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ რამეს გასწავლი და დაიხსომეო:
უმეცარ კაცს გულით ნუ მიენდობი;
შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;
ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, თუნდაც შენს სახლში იყო;
მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;
გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდოდეს!
მე დიდად დავუმადლე. მან თოკები ამხსნა და მითხრა: იმ კაცებს ბევრი სხვაც უცდუნებიათო.
საგზალი მომცა და თვით წავიდა. მეც ჩემს გზას დავადექი.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი