ჩემმა მასპინძელმა, ქურთისტანის ბატონმა, ავადმყოფ დედასთან წამიყვანა; დედამისი ხნიერი ქალი იყო; მერე თქვეს: ოცი წელიწადია ასე არის და ვერც ერთმა ექიმმა ვერ უწამლაო.
მივედი და ვნახე: უსუსურად იყო. გამხდარი, ღონეგამოცლილი; ხორცი დაეყარა, ფერი წასვლოდა, საჭმელს ვერ ინელებდა, სიტყვა დამძიმებოდა, მაგრამ ცნობა ჯერ კიდევ კარგი ჰქონდა. დიდი საზრუნავი შემექნა, გულდასმით გავსინჯე და მისი სენის მიზეზს მივაგენი. ღვიძლზე სოკო დასხმოდა და ცუდად ამას გაეხადა.
გამიჭირდა და დავღონდი, ვუთხარი: ამას ისეთი სენი სჭირს, ძნელ მოსარჩენია, მაგრამ ღმერთის მადლით ჩემს ოსტატობას ვცდი-მეთქი.
მათაც ნება დამრთეს. აბანოს გარშემო ნაბადი შემომოვაკარი შიგნით ფარდაგი დავკიდე, რომ ნიავი არ შემოსულიყო და ორთქლი დამდგარიყო. შევიყვანე, საძილე წამალი დავალევინე, დავაწვინე. მუცელი გავუჭერი, შიგანი გამოვუშალე, სადაც ღვიძლზე ან სადმე სხეულში სოკო ვნახე, ყველა ამოვთალე, წამლები წავუსვი, ზეთები დავასხი. მერე შიგნეული შევკრიბე, თავის ადგილს დავაწყვე, მუცელი გავუკერე და მაგრად შევუკარი. როცა გაეღვიძა, წამლები დავახმარე და გავამთელე.
ავადმყოფი მორჩა, გასუქდა და მალე სრულებით გამოკეთდა.
ყველა მაქებდა და დიდად მიქებდენ ხელოვნებას. რაც იქ დრო დავყავი, მალხინეს, მომასვენეს და კარგი ამბებით შემაქციეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი