ერთი კაცი დასნეულდა. თუ რამე გააჩნდა, მკურნალებზე დახარჯა, მაგრამ ვერავინ მოარჩინა.
ერთხელ უთხრეს: ქალაქ შირაზში ერთი ექიმია, როცა სნეულს ნახავს, თუ სასიცოცხლოა, წამლების ნუსხას მისცემს და უეჭველად მოარჩენს, და თუ სასიკვდილოა, პირს მოარიდებს და არაფერს ეტყვისო.
სნეულმა ერთი მონა წაიყვანა და მკურნალთან წავიდა. როცა მივიდა, ექიმმა სწრაფად პირი მოარიდა და არაფერი უთხრა.
სნეული შეუძლოდ შეიქნა, გამოერიდა და თავის მონას უთხრა:
- შენ იცი, რამდენი ვეცადე და ვეღარ მოვრჩი, მომაკვდავი ვარ. წადი, მაწონი მიყიდე, გული მეუბნება: შევჭამ და მოვკვდებიო.
მონამ სნეული ერთ ბაღში შეიყვანა, მოასვენა, მაწონი მოუტანა და აჭამა. სნეულმა სრულად ვერ შეჭამა და ნარჩენი იქვე ხის ძირას დადგა.
მონა ფხიზლობდა და სნეულს ეძინა.
მოვიდა ერთი ასპიტი გველი, მაწვნის ჯამში თავი ჩაკიდა და სრულად შენთქა. მონამ გველი შიშით ვერ გააძევა. ასპიტმა რაც ჭამა უკანვე, ჯამში ამოანთხია და წავიდა.
მონას პატრონის ავადმყოფობით თავი მობეზრებოდა და გადაწყვიტა: არაფერს ვეტყვი, თუ შეჭამს, მოკვდეს და თავისუფალი ვიქნებიო!
როცა სნეულს გაეღვიძა, მაწონი მოითხოვა. მონამ მოართვა. სნეულმა სრულად შეჭამა, ჭურჭელიც ამოლოკა, დაწვა და დაიძინა. ძილში ოფლმა დაასხა და განიკურნა. რომ გაიღვიძა, გამოჯანმრთელებულიყო, აღარაფერი სჭირდა. მონას უთხრა: წავიდეთ, ექიმი გავკიცხოთ, ეგონა მოვკვდებოდი და უწამლოდ მოვრჩიო.
როცა შევიდნენ, ექიმმა დაასწრო და უთხრა: ვინ მოგცა? ასპიტის ნათხევი (ნარწყევი) გიჭამია და იმით მორჩენილხარო!
კაცმა უთხრა: რას მიჰქარავ, უმეცარი ხარ და ვერ გამოიცანიო!
ამაზე წაკამათდნენ. შეშინებული მონა წამოდგა და ყველაფერი უამბო.
ექიმმა უთხრა:
- მე მაშინვე მივხვდი, რომ ასპიტის ნათხევი გაგკურნავდა, მაგრამ რა მექნა, ძმაო? გველის შეპყრობა არ შემეძლო და რომც შემეპყრო, როგორ ვანთხევინებდი? ღმერთს შენთვის წყალობად მოუვლენია და მორჩენილხარო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი