ჩემი ექიმი სიძე ერთი მოხუცებული კაცის მეგობარი იყო და ძალიან უყვარდათ ერთმანერთი.
ერთხელ სიძე სოფლად წავიდა საექიმოდ და ვიდრე დაბრუნდებოდა, მოხუცი კაცი მოკვდა.
როცა დაასაფლავეს, ექიმი იმ დღეს დაბრუნდა. როცა მოხუცის სიკვდილი გაიგო, ბევრი იტირა და მერე გამოიკითხა: რა სენით მოკვდაო? მათ ყველაფერი უამბეს.
წავიდა ჩუმად ექიმი, ერთი ბარიანი კაცი წაიყვანა, საფლავი მოთხარა და კაცი ამოიღო. თურე საგათა (საღათას ძილი) დამართნოდა და ცოცხალი დაემარხათ. ამ სენს დროს ადამიანი მკვდარს ემსგავსება, და ვერ გაეგოთ.
აქიმმან ეს კაცი განძარცვა და, სადაც ძარღვი ჰქონდა, ყველა შაშრით (სისხლის გამოსაშვები ნესტარი) დაჩხვლიტა, საფლავი ისევ ამოავსო, როგორც იყო. მოხუცი შინ წამოიღო. მრავალი სისხლი ადინა, უწამლა, მოარჩინა და თავის სახლში დამალა.
მოხუცის შვილი წუხდა, რადგან რამდენჯერაც მიცვალებულს აღაპი გადაუხადეს და ექიმი მიიწვიეს. იგი აღარ სტიროდა და მხიარულად იყო. უკვირდა მოხუცის შვილს: ექიმი და მამაჩემი ერთმანეთის დიდად მოყვარულნი იყვნენ და მისი სიკვდილი რად უხარიაო?
რო ორმოცის აღაპი დასრულდა, ექიმმა უთხრა მოხუცის შვილს: სიზმარი ვნახე, მამაშენი საფლავიდან გაიპარაო.
კაცმა არ დაიჯერა. წავიდნენ, მოთხარეს საფლავი და ნახეს მოხუცი შიგნით აღარ იყო. დაიწყო ტირილი და მწუხარება. ექიმმა შინ წაიყვანა და უთხრა:
- საფლავშია თუ არა, მკვდარი რაღას გარგებს, რა სარგებელი აქვს?
კაცი უფრო მეტად ატირდა. მერე შეიყვანა შინ და უჩვენა მამამისი: აჰა, ასეთი ექიმი ვარო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი