ქირმან-შაჰის ძე ძლიერ დასნეულდა. მისთვის მრავალი მკურნალი შეკრიბეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს.
ბოლოს აბდულ-ჯაფარი წაიყვანეს. ბევრი უწამლა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ყრმისა და მისი დედ-მამის სახე გასინჯა. მაშინვე ეჭვი გაუჩნდა: სახეებს შორის მსგავსება ვერ ნახა.
გამოიხმო ჩუმად ყრმის დედა და უთხრა: თუ შენი შვილის სიცოცხლე გინდა, მითხარი, ვისგან გყავს იგი? მე მივხვდი, ეს შაჰის ძე არ არისო!
ქალმა პირველად ბევრი იუარა და იფიცა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო, გაუმხილა და უთხრა: ჩემი ქმარი უშვილო იყო და ნათესავი არა ჰყავდა. სამკვიდრო სხვას რჩებოდა. ერთი მეწისქვილე მოვიხელთე უაზროდ და შვილი მისგან არისო.
ექიმმა როცა ყველაფერი გაიგო, შვილი მამა-დედას აღარ აჩვენა; ქვესაგებელი გამოაცალა, მცირე ჩალა დაუფინა და მასზე დააწვინა, წამალი აღარ მისცა. თუ რამ საჭმელი ითხოვა, უარი უთხრა და მცირედი ხმიადი მისცა.
თურე შვილს მამის აგებულება ჰქონდა, ძვირფასმა წამალმა არ უშველა და ამგვარად მორჩა. მალე ექიმმა შვილი დედ-მამას განკურნებული მიჰგვარა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი