ბიძაჩემი დიდად დახელოვნებული მკურნალი იყო. დიდი, მაღალი სახლი ჰქონდა. სახლის ქვემოთ ფოლორცი (ფართო მოედანი) იყო.
ერთმან ჭაბუკმა ქვემოთ ცხენით გაირბინა. ექიმმა ზემოდან გადახედა, კაცი გაუგზავნა და შეუთვალა: მკლავიდან სისხლი გამოუშვი, თორემ სისხლი მოგაკვდინებსო!
ჭაბუკმა მოციქულს აგინა და ექიმი გაკიცხა. როცა შინ მივიდა, ჭარბი სისხლი მოეძალა და სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა.
ბიძაჩემი დროულად მივიდა. ტირილი იყო. შევიდა, მოტირალი ხალხი გარეთ გამოუშვა, ორივე მკლავი გადაუხსნა და მრავალი სისხლი გამოადინა.
გადარჩა ჭაბუკი, ხოლო მას შემდეგ ექიმს უქებდნენ ცოდნას და სიბრძნეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი