იტალიაში ერთმა უხუცესმა მხატვარმა შინ მიმიწვია. მასთან ერთი თვე დავყავი. როცა რომელიმე მხატვარი ეწვეოდა, მეც მაწვევდა ხოლმე.
ერთი მხატვარი გვეწვია. უხუცეს მხატვარს სარკმელზე ერთი საწერ-კალამი იმდენად ბუნებრივად დაეხატა, კაცს ნამდვილად ეგონებოდა, გაშლილი საწერ-კალამი დევსო. სტუმარი კარგი მხატვარი იყო, ხელოვნების ცოდნას იჩემებდა. მასპინძელმა უთხრა: ადექი, ძმაო, ეგ საწერ-კალამი მომაწოდე და მერე მე გემსახურებიო!
ადგა მხატვარი, მართლაც საწერ-კალამი ეგონა და როცა ხელი მოკიდა, კედელი დაჰხვდა. ძალიან შერცხვა. ჩვენ გაგვეცინა.
როცა მხატვარი მეორედ გვეწვია, საწერ-კალამის საქმე დავიწყებოდა, მასპინძელს კი კედელზე ერთი გაღებული კარი გამოესახა. კაცს ეგონებოდა სახლის შესასვლელი კარებიაო.
ღვინოს ვსვამდით და მხატვრები ერთ სიტყვაზე შეკამათდნენ.
მასპინძელმა, სტუმარს უთხრა: ნუ მეკამათები, ჩემს წიგნში მართალი წერიაო!
მან ჰკითხა: წიგნი სად არისო?
მასპინძელმა კარი აჩვენა: იმ სახლში დევს და გამოაღე და ნახეო!
ადგა მხატვარი, კარში სწრაფად უნდოდა შესვლა, მაგრამ კედელს თავით დაეტაკა და გაიხეთქა.
მასპინძელმა უთხრა: ავად გიმასპინძლე, მაგრამ ისეთი საწერ-კალამის ხატვა, მაგისთანა სახლში ისწავლებაო.
ერთხელ სხვა მხატვრები მოიწვია და ერთად დაგვსხა. სადაც ჩვენ ვისხედით, გვერდით სხვა სახლი ედგა, შიგნით ისეთი რკინის აუზი დაეხატა, მნახველს დამდგარი წყალი ეგონებოდა.
თითო-თითო მხატვარი მიიწვია, ჭიქას მისცემდა და ეუბნებოდა: ძმაო, მანდ წყალი დგას, ამოიღე და გამოიტანეო!
შევიდოდნენ, მართლაც წყალი ეგონათ, ატაკებდნენ ჭიქას რკინას, გატეხავდნენ და სირცხვილნაჭამნი სხვა გზით მიიპარებოდნენ.
ერთხელ ბრძენი მხატვარი ეწვია. მასპინძელმა მასაც ჭიქა მისცა და წყლის მოსატანად შეგზავნა. გამოცდილი მხატვარი მიხვდა, ხრიკი არისო. ხელით მოსინჯა და ნახა, რომ რკინა იყო. იქვე გამზადებული ფუნჯი იდო, რომლითაც რკინაზე მყრალი ძაღლის მძორი ისე მიახატა, რომ წყალში ჩავარდნილს გავდა. გამოვიდა და მასპინძელს უთხრა: ვიღაცას ძაღლის მძორი ჩაუგდია, წყალი უვარგისია და აღარ ავავსეო.
შევედით, ვნახეთ, გვეამა და ღვინოც ერთად მივირთვით. ძალიან მომეწონა მათი ხელოვნება.
ერთხელ კიდევ ერთი მხატვარი გვეწვია. თურმე მეორე ამხანაგის ცოლი ენახა და კედელზე დახატა. ჩვენ დავსხედით ნახატთან და მხატვარმა ის ამხანაგიც მოიწვია. იგი ფიცხი კაცი ყოფილა, შემოვიდა და ცოლი ჩვენთან მჯდომი რომ ნახა, მართლა თავისი ცოლი ეგონა და გაჯავრებული საცემრად მივარდა. როცა მჯიღი შემოკრა, კედელი დახვდა.
ბევრი ვიცინეთ და მთელი თვე ასე გავატარეთ.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი