ერთ სოფელში, ხუთი ამხანაგი ისხდა და ერთმანეთში ხუმრობდნენ. მეც მიმიწვიეს და მათთან დამსვეს.
თავის გაპარსვა მოუნდათ. სოფელში ერთი უვიცი დალაქი იყო და ის მოიყვანეს. იჩემებდა, ხელობა კარგად ვიციო.
დაუწყო ერთს თავის პარსვა და ძალიან ძალიან შეაწუხა.
გარეთ აქლემი ღრიალებდა.
კაცმა თქვა: ალბათ აქლემსაც თავს პარსავენ და ასე მწარედ მიტომ ყვირისო.
ჩვენ ვიცინეთ და სხვების გაპარსვის ჯერიც დადგა.
დალაქმა მეორეს დაუწყო პარსვა და ისიც დიდად შეაწუხა. ამოიღო კაცმა ხუთი ბისტი (ფუსლის ერთეული), მისცა დალაქს და უთხრა: ვიცი, ცოცხალი ვერ გარდაგირჩები და აიღე, შენი ფული იმ ქვეყნად ვალად არ დამედოსო.
დალაქმა მესამეს დაუწყო პარსვა, თავი გაუჭრა და სისხლმდინარეს ბამბა დააკრა, სხვაგან გაუჭრა და ისევ ბამბა დააკრა. ნახევარი რომ მოპარსა, თავი ათამდე ადგილზე გაუჭრა და ყველგან ბამბა დააკრა. კაცი შეწუხდა და რომ ვეღარ გაუძლო, უთხრა: ძმაო, ნახევარზე ბამბა დაგითესავს და ნახევარი დატოვე, ნესვი მინდა დავთესოო.
დალაქმა მეოთხეს დაუწყო პარსვა. რომ გაუჭირდა, მე ვკითხე: რამდენი ძმანი ხართ-მეთქი?
მან მიპასუხა: თუ ამ დალაქს გადავურჩი, ექვსნი ვართ, თუ არა - ხუთნიღა დარჩებიანო.
მეხუთეს რო დაუწყო პარსვა, ბევრგან გაუჭრა და ბამბა დააკრა. როცა დაამთავრა, კაცმა ორი ბისტი მისცა. დალაქი თურე სიტყვაწყლიანი იყო და უთხრა: შენს თავს ხუთის ბისტის ბამბა დავახარჯე და ორს ბისტს მაძლევო?
ვიცინოდით და თუ რომელიმე უარს იტყოდა, ძალით ვსვამდით თავის მოსაპარსად.
როცა მე დამიწყო პარსვა, ძალიან შევწუხდი, მაგრამ არ შევიტყვე. როცა დაამთავრა, ფული მივეცი და მადლობა გადავუხადე: ისე შენმა დედ-მამის სულმა განისვენოს, როგორც მე განმასვენე-მეთქი.
ამხანაგებმა გამკიცხეს: "მკვდარი ვირის თავი დაიყვირებს?" შენ რა მადლობას ეუბნებიო?
მე ვუპასუხე: - უარი მეთქვა, არ მომეშვებოდით; ეს კაციც დავიმადლე და დედ-მამაც დავუწყევლეო.
მათ მკითხეს: როგორო?
მე ვუპასუხე: როგორც მაგის პარსვით განვისვენე, თუ მისი მშობლების სულები ისე განისვენებენ, ჯოჯოხეთში მეტი უარესი ტანჯვა რა უნდა იყოს-მეთქი?
ვსვით ღვინო და განვისვენეთ...
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი