ერთი მჭედელი წამდაუწუმ ეშმაკს აგინებდა. შეწუხდენ ეშმაკები და მჭედელს მახე დაუგეს. ერთი ეშმაკი, ბერი კაცის სახით მჭედელთან მივიდა, ცრუ ვაჟიშვილი მიუყვანა და ოცი ფლური მიუტანა - ხელობა შეასწავლეო!
მჭედელს ეამა და ვაჟი მიიბარა, შეპირდა, ყველაფერს კარგად შევასწავლიო.
ორი თვის შემდეგ, ერთმა ეშმაკმა დაუძლურებული ბერიკაცის სახე მიიღო, ოქრომჭედელთან მივიდა, ორასი ფლური მოუტანა და უთხრა:
- ძალიან დავბერდი, აღარაფერი შემიძლია, ეს ფული გასამრჯელოდ აიღე, ისე გადამადნე და გადამახალისე, ოცისა წლისა გავხდეო!
მჭედელმა ეშმაკს აგინა: კაცისგან ეს როგორ გამოვაო!
შეგირდმა უთხრა: ფლური გამოართვი, მე თოქმაჩის (მეთუნუქის) შვილი ვარ, კარგად "გადავახალისებო".
ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია. შეკრეს ბერიკაცი, დადეს, ნახშირი და ცეცხლი დააყარეს და დაუწყეს საბერველით ბერვა.
ბევრი იძახა: დავიწვი, ნუ დამწვავთო! მაგრამ უფრო მეტი უბერეს. ეშმაკს რა დაწვავდა?!
გავიდა მცირედი ხანი და ცეცხლიდან ოცი წლის კაცი ამოძვრა. ყველას გაუკვირდა. ეს ამბავი საქვეყნოდ გავრცელდა: ეს მჭედელი ისეთი ხელოსანია, ორასი წლის კაცს აახალგაზრდავებს და ოცის წლის ვაჟკაცად გადააქცევსო!
გაიგო ეს ამბავი იქაურმა ყადმა, რომელიც ძალიან დაბერებულიყო. მივიდა მჭედელთან და ორასი ფლური მიუტანა: მეც გადამადნე და გადამახალისეო!
მჭედელი დაპირდა. ეგონა, ამასაც გავაახალგაზრდავებო. გადააცვეს თავ-ფერზე, ჩადეს ცეცხლში და დაუწყეს ბერვა. როცა ცეცხლი გაჩხრიკეს, ძვალიც ვეღარ პოვეს, ისე დამწვარიყო.
დაიჭირეს ეშმაკების ხრიკებს წამოგებული საბრალო მჭედელი და სიკვდილით დასაჯეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი