ერთმა მკალავმა (ჭურჭლის ხელოსანი) ვირს საფქვავი აჰკიდა, წისქვილში წავიდა, დაფქვა და უკან გამობრუნდა. გზაზე ვირი გაუჩერდა და ადგილიდან ვეღარ დაძრა. დაღონდა მკალავი, ჯიბეში ნიშადური ედო, ქვაზე დანაყა და ვირს კუდის ქვეშ წაუცხო, იქნებ აეწვას და აჩქარდესო.
როგორც კი ნიშადური მოუსვა, ვირი ისე გაიქცა, მკალავი ვეღარ დაეწია და დაღონდა: ვირი არსად წაეხეტოს და არ დავკარგოო. ცოტა ნიშადური თვითონაც ამოისვა: იქნებ ვირს დავეწიოო.
მკალავი ისე გაშმაგდა, ვირსაც გაუსწრო, მთელი სოფელი გაირბინა და როცა სახლს ჩაურბინა, ცოლს მიაძახა: ჩემი ნიშადური ძალიან ცხარე გამოდგა, მე ვეღარ ვჩერდები და ვირს უპატრონეო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი