ერთ ბრძენ კაცს ვაჭრობაში ხელი მოეცარა და მთელი მოგროვებული სიმდიდრე დაკარგა.
წავიდა, მთელი ქვეყანა მოიარა, ინდოეთში მივიდა და გამოიკითხა, ვინ იყო მდიდარი და ღვთის მოშიში კაცი. როცა მიასწავლეს, მიაკითხა მდიდარს სახლში და უთხრა:
- ძმაო, სესხად რომ ორმოცი ლიტრა ვეცხლი მოგეცი, ახლა ძალიან მესაჭიროება და დამიბრუნე, ღვთის გულისთვის გევედრებიო!
მდიდარმა უარი უთხრა. მისი არაფერი ვალი არ ემართა და რას მისცემდა? უთხრა:
- თუ ფული ვისესხე, მოწმე ვინ გყავს, ან ხელწერილი სად არისო?
ბრძენმა უპასუხა:
- მაშინ საქმე გქონდა და ასე მითხარი: არა მცალია, ხვალ მოდი და ხელწერილს მოგცემ. შენი ვირწმუნე, დაგიჯერე, მაგრამ სხვა საქმე გამომიჩნდა და ეს ამბავი დამავიწყდა. გთხოვ, თუ ვტყუი, ღვთის სახელი დაიფიცე, რომ ჩემი ვერცხლი ვალად არ გაქვს და ჩემს გზაზე წავალო!
ღვთის მოშიშმა მდიდარმა თქვა: ღვთის სახელი ასე მცირეზე რატომ დავიფიცო. ღმერთს ჩემთვის იმდენი უბოძებია, ბევრს ეყოფა. ორმოც ლიტრა ვეცხლს მას მივცემ, დანარჩენს მე მოვიხმარ და ღმერთს არ გავანაწყენებო. არ დაიფიცა და მისცა ბრძენს მოთხოვილი ვერცხლი.
ბრძენმა წაიღო ვეცხლი და ღმერთს აღუთქვა: ღმერთო, მართალო და ჭეშმარიტო! ხედავ, რომ ჩემი სიგლახაკისათვის მოვიქეცი ასე. თუ ვაჭრობაში გამიმართლა, რასაც მოვიგებ ამ კაცს მივუძღვნი და ყველაფერს ვუამბობო.
წავიდა ბრძენი და ვაჭრობით ისე გამდიდრდა, რომ მასზე უდიდესი ვაჭარი აღარ იქნებოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა ქალაქში, მოძებნა მდიდარი და სახლში მიიწვია. მდიდარმა ვერ იცნო. ბრძენმა შეიყვანა თავის საგანძურში და რაც გააჩნდა ყველაფერი აჩვენა. უკვირდა მდიდარს მისი დიდება და განძის სიმრავლე. ყველაფერი შეუქო და მოუწონა. ბრძენმა ამოიღო სალაროს გასაღები, მიართვა მდიდარს, ხელზე აკოცა და უთხრა: ესე ყველაფერი შენია და ღმერთმა მოგახმაროსო!
მდიდარს ადრინდელი საქმე დავიწყებოდა; ბრძენს ვინაობა და ასეთი გულუხვობის მიზეზი ჰკითხა. ბრძენმა ყველაფერი უამბო: შენ ჩემი ვალი არ გქონია, ჩემმა სიგლახაკემ მაიძულა, თორემ არაფერი გამაჩნდა რომ გამესესხებინა; ახლა ეს ყველაფერი შენია და მოიხმარეო!
გაუკვირდა მდიდარს ბრძენი კაცის სიმართლე და გულკეთილობა. ერთი სარტყელი (წელსარტყამი) და საპერანგე აიღო და უთხრა: ესეც იმისთვის ავიღე, რომ გული არ დაგწყვეტოდა. რადგან შენი ასეთი სიკეთე ვიხილე, რაც გაქვს ღმერთმა შენ მოგახმაროს და ჩემიც შენი იყოსო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი