იყო ერთი მეფე, ღმერთობას ჩემულობდა და ვერც ვერავინ ეუბნებოდა - ღმერთი არა ხარო.
ერთი ჭკვიანი და კარგი ვაზირი ჰყავდა, რომელმაც მოახსენა: რადგან ღმერთი ხარ, შენი ანგელოზობა მიბოძეო!
უბოძა მეფემ ვეზირს თავისი ანგელოზობა.
გავიდა ხანი და "ღმერთმა" თავის "ანგელოზს" უბრძანა: მოდი, ერთი სასწაული ვქნათო!
"ანგელოზმა" მოახსენა: თუ მომისმენ, უცხოს და კარგს სასწაულს გაქნევინებო.
მეფემ დაუჯერა. ვეზრმა დააცლევინა მეფის სასახლე, ნეხვით, ცხვრებისა და ძროხების ფაშვით აავსებინა და კარი გამოიხურა.
ზაფხულის ჟამი იყო...
ათი დღე დიცადეს და მეთერთმეტე დღეს მივიდნენ: ჩვენი ნაქნარი სასწაული ვნახოთო!
გააღეს კარები და ნახეს: სულ ჭია-მატლი და ხოჭო დახვეოდა და საშინლად აყროლებულიყო.
მეფემ უთხრა ვეზირს: ეს რანაირი სასწაულიაო?
ვეზირმა მოახსენა: შენ რომ ღმერთი ხარ და მე შენი ანგელოზი, ჩვენგან ესეც დიდი სასწაულია და ამაზე მეტი არ გამოგვივაო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი