სამი ძმა გაიყარა. ყველაფერი გაიყვეს, მაგრამ ოცდაათი თხა ჰყავდათ და ვერ გაინაწილეს.
ძმები ვერ მორიგდნენ და მეფეს მოახსენეს თხების ამბავი:
- ათ თხას თითო თიკანი ჰყავს, ათს ორ-ორი და ათს - სამ-სამი: ისე გვინდა გაყოფა, რომელიმე ძმას მეტი არ შეხვდეს და არცა თიკანი მოსწყდეს დედასო.
შეიქმნა ბჭობა და გარჩევა, მაგრამ თხები სწორად ვერავინ გაყო.
ბოლოს მეფის შვილმა ურჩია:
- სულ არის ოცდაათი თხა და სამოცი თიკანი. ათი თხა, რომელსა ორ-ორი თიკანი ჰყავს, მიეცით უფროს ძამას და მას ეყოლება ათი თხა და ოცი თიკანი. ათი თხიდან, რომელსა სამ-სამი თიკანი ჰყავს, ხუთი თხა საშუალო ძმას მიეცით, ხუთი უმცროსს და მათ ეყოლებათ ხუთ-ხუთი თხა და თხუთმეტ-თხუთმეტი თიკანი. ათი თხიდან, რომელსა თითო თიკანი ჰყავს, ხუთ-ხუთი დაუმატეთ საშუალო და უმცროს ძმას და მათ ეყოლებათ ათ-ათი თხა და ოც-ოცი თიკანი.
არც ერთ ძმას ძმაზე მეტი არ შეხვდება და არც თიკანი მოსწყდება დედასო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი