1
სამი ამხანაგი: ისპაანელი, გილანელი და განჯელი შეიყარნენ და ერთმანერთს თავიანთი ქვეყანა უქეს.
ისპაანელმა კაცმა თქვა:
- ჩემი ქვეყანა ისეთია: ძველი და ახალი ნესვი ერთად რომ დადო, ვერ იცნობ, რომელია წლევანდელი და რომელი შარშანდელიო.
გილანელმა თქვა:
- ჩემი ქვეყანა ისეთია: ცოცხალი და მკვდარი რომ ერთ ლოგინში დააწვინო, თუ ცოცხალს სძინავს, ვერ გაიგებ, რომელია მკვდარი და რომელი ცოცხალიო.
განჯელმა თქვა:
- ჩემი ქვეყანა ისეთია, როცა კაცი მოკვდება, ექვსი თვე ფეხზე დადის, მეშვიდე თვეს სამარეში ჩავა, გაზაფხულზე ცხელება დაეწყება და შემოდგომაზე მოკვდებაო.
არც ერთ თემი არ ვარგოდა, მაგრამ მათ მოსწონდათ.
2
იყო სამი ამხანაგი. ერთი მათგანი ძალიან კარგი, ბატონის ერთგული, ყოვლად უმწიკვლო და სიმართლის მთქმელი კაცი იყო. დანარჩენი ორი - მატყუარა და ორგული.
ორი ამხანაგი იწვევდნენ მესამეს, რომ ისიც ორგული გამხდარიყო, მაგრამ იგი პასუხობდა: არა, ძმებო, პატრონის ორგული ღმერთსაც სძულს და კაცსაც, ბოროტებას ნუ ჩადიხართო!
ისინი გადაემტერნენ და პატრონთან დაბეზღებას შეეცადნენ. დაბეზღებამ არ გაჭრა, ღამე ბაგირი წაუჭირეს და დაახჩვეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი