სულთანმა ჰკითხა თავის ვეზირს: კაცნი ღვინოს რადა სვამენ, მას ხომ ავი სიმთვრალე მოაქვსო?
ვეზირმა მოახსენა: ღვინოს, ავის გარდა, კარგიც ბევრი შეუძლია. ღვინო ბრმას თვალს აუხელს, საპყარს (ხეიბარს) ფეხზე დააყენებს და გლახაკს გაამდიდრებსო.
მოაყვანინა სულთანმა სამივე: ბრმა, საპყარი და გლახაკი, წინ დაისვა და ღვინო ასვა.
როცა დათვრა, ბრმამ თქვა: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგ და წითელ ღვინოს გვასმევსო!
საპყარმა უწყინა ბრმას: ვისთან ამბობ? ხელმწიფის მზემ, ისეთ წიხლს ჩაგაზელ, გვერდებს დაგამტვრევო!
გლახაკმა უთხრა საპყარს: მოკალი და სისხლს მე გადავიხდიო!
ვეზირმა სულთანს მოახსენა:
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ეს ყველაფერი ღვინოს შეუძლია. ან ბრმამ რა ნახა, ან საპყარი როგორ გალახავდა, ან გლახაკი სისხლს რითი გადაიხდიდაო?
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი