ორი მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთმა მეფემ მეორე დაამარცხა, შეიპყრო და ორმოში ჩააგდო.
გავიდა ხანი. მივიდა ერთი ნაცნობი კაცი, რომელმაც მეფის ამოყვანა და გაპარება გადაწყვიტა. მივიდა ორმოსთან და ჩასძახა:
- კარგს ვიზამ, რომ გაგაპაროო?
მეფემ მადლობა გადაუხადა.
კაცმა თოკით ამოიყვანა მეფე და კიდევ უთხრა:
- კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანეო?
მეფემ კიდევ გადაუხადა მადლობა.
კაცმა მესამედაც უთხრა:
- კარგად მოვიქეციო?
შეწუხდა მეფე და ხმამაღლა დაიძახა:
- ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო!
მოვიდნენ მცველები, შეიპყრეს ორივე და მეფეს ჰკითხეს:
- რატომ გაამჟღავნე და არ გაიპარეო?
მეფემ უპასუხა: სანამ ამომიყვანდა, ყვედრებით ამიკლო, და ვიდრე შინ მივაღწევდი, კიდეც დამახრჩობდა, ამიტომ აქ ყოფნა ვარჩიეო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი