ერთმა კაცმა დიდძალი ოქრო მიწაში დაფლა. ყოველდღე მიდიოდა და ნახულობდა იმ ადგილს. ეს ყველაფერი სხვა კაცმა შეამჩნია და თქვა:
- მივალ და იმ ადგილს ამოვთხრი, რომელსაც ასე ხშირად ნახულობს, გავიგო, რას მალავსო.
მივიდა ღამით, ამოთხარა ოქრო და წაიღო, მის ნაცვლად კი ქვის ლოდი დამარხა.
მოუნდა კაცს თავისი ოქროს ნახვა, ამოთხარა და ოქროს ნაცვლად ლოდი რომ დაინახა, დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა ქურდი და ჰკითხა:
- რად სტირიო?
მან უპასუხა:
- ოქრო დავმარხე, დახარჯვა არ მინდოდა. მოუპარავთ და მის ნაცვლად ლოდი დაუფლავთო.
ოქროს მომპარავმა უპასუხა:
- ვაი შენ! რა გატირებს? თუ არ დახარჯავდი, მიწაში გინდა ოქრო გდებია და გინდა ქვაო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი