ერთ დიდებულ მეფეს ოცდაათი ვაჟი ჰყავდა.
როცა დაბერდა და სიკვდილის ჟამი მოუახლოვდა, მოიხმო მეფემ ვაჟები, მოატანინა ოცდაათი ისარი, მაგრად შეკრა ერთ კონად და მოზიდა, რათა გაეტეხა, მაგრამ ვერ გატეხა.
მერე კონა დაშალა, თითო-თითო ისარი აიღო, მოზიდა და ყველა ადვილად დაამტვრია.
მიუბრუნდა მეფე შვილებს და უთხრა:
- თუ ერთად იქნებით, ერთ მუჭად შეკრული, მტერი ისე ვერ გაგტეხთ, როგორც მე ისრების კონა ვერ გავტეხე; მაგრამ თუ გაიყრებით, მტერი ისე სათითაოდ დაგლეწავთ, როგორც ცალ-ცალკე ისრები დავამტვრიეო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი