ბაღდადის ხალიფამ ინადირა და ცხენის ჭენებაში დიდებულებს ჩამოშორდა, თან მხოლოდ ერთი ვაზირი იახლა.
ხალიფას ძალიან მოშივდა. დაინახა, რომ უდაბნოში ერთი შავი კარავი იდგა და იქ მივიდა ვერზირთან ერთად. ნახეს, რომ კარავში ერთი არაბი ცხოვრობდა, რომელსაც სამი თხა ჰყავდა და სხვა არაფერი ებადა.
იქვე ჩამოსხდნენ ცხენებიდან და საჭმელი მოინდომეს. არაბმა ერთი თხა დაკლა, მოხარშა და სტუმრებს მოართვა.
ხალიფამ ტვინის მეტი არაფერი ჭამა.
არაბმა ვეზირს ჰკითხა: ხალიფა თხას რად არ მიირთმევსო?
ვაზირმა უპასუხა: ჩვეულება აქვს ასეთი, მხოლოდ ტვინს ჭამს, სხვას არაფერსო.
ადგა არაბი, დარჩენილი ორი თხაც დაკლა, ტვინი მოამზადა და ხალიფას მიართვა.
ვეზირმა ხალიფას მოახსენა: ხედავთ, ღატაკ და გაჭირვებულ არაბს, რა გააკეთა? ძალიან მდიდარი და უხვიც კი ვერ შეძლებს ასე მოიქცეს. მდიდარი ისე არაფერს დახარჯავს, თუ რაც დახარჯა, იმაზე მეტი კიდევ არ დარჩეს, ამ არაბს კი სამი თხის მეტი არაფერი ებადა, ისიც დახოცა და შენ მოგართვაო.
ხალიფამ არაბს თავისი ხელთსაჭერი კვერთხი უბოძა და უბრძანა: ჩემთან მოდი, ჩემს კარს ვერავინ დაგიხშობს, წყალობას არ მოგაკლებო!
ხალიფა იმ დღესვე წავიდა. მეორეს დღეს არაბმა კვერთხი აიღო და ხალიფასთან გაეშურა. კარი გაიარა, შევიდა და დაინახა, რომ ხალიფა ლოცვას ასრულებდა. მას ზურგი კარისაკენ ჰქონდა და არაბი ვერ დაინახა.
არაბმა იკითხა: ხალიფა რას აკეთებს: ხან მიწაზე რომ დაემხობა და ხან ფეხზე ადგებაო?
მსახურებმა უთხრეს: ლოცულობსო.
არაბმა არა თუ ლოცვა არ იცოდა რა იყო, არამედ ღვთის სახელიც კი არ ჰქონდა გაგონილი, ამიტომ ისევ იკითხა: რას ლოცულობსო?
უთხრეს: ღმერთს საქონელს სთხოვსო.
არაბმა თქვა: ეგ თუ სხვას სთხოვს, მე მაგას რაღა უნდა ვთხოვოო? და წავიდა: ვისაც ხალიფა თხოვს, მეც მას ვთხოვ და მომცემსო.
ხალიფამ მისი ვერც მოსვლა გაიგო და ვერც წასვლა.
მივიდა არაბი თავის კარავში და ისე დაიწყო ლოცვა როგორც ამას ხალიფა აკეთებდა, თან ამბობდა: ვისაც ხალიფა საქონელს სთხოვს, მეც მომეცი, გლახაკი ვარო!
გავიდა მცირე ხანი. არაბმა კარავი აიღო, რომ სხვაგან დადგა. როცა კარვისთვის მიწა გაჭრა, დიდი ორმო გამოჩნდა, რომელიც ოქროთი და ვერცხლით იყო სავსე. არაბმა ორმოს მაშივე თვზე დაახურა, კვერთხი აიღო და ხალიფასთან წავიდა. როცა შევიდა, მდაბლად თაყვანი სცა.
ხალიფამ ჰკითხა:
- აქამდე რატომ არ მოხვედიო?
არაბმა ყველაფერი მოახსენა რაც მოხდა: ვისაც შენ სთხოვდი, მეც იმას ვსთხოვე და ერთი ორმო ოქრო და ვეცხლი მომცაო. ახლა მწერალი გამაყოლეთ, რომ ყველაფერი აღწეროს და განძი თქვენთვის წამოიღოსო.
ხალიფამ უბრძანა მწერალს წასვლა და ყველაფრის აღწერა.
შეხედა ვეზირმა ამ ყველაფერს და ხალიფას მოახსენა:
- ერთ გლახაკ არაბს სამიოდე თხა ჰყავდა და შენ დაგიკლა, წყალობას დაჰპირდი და არაფერი გთხოვა. ეხლა ღმერთს მაგისთვის მიუცია და მასაც შენ ართმევო?
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი