მეფეს ერთი ავსიტყვა კაცი ჰყავდა რომლის პირიდან კარგი სიტყვას ვერავინ გაიგონებდა.
მეფე ხუთის წლით სალაშქროდ მიდიოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა მითხარი და როცა დავბრუნდები, კაბას (გრძელკალთებიანი სამოსი) მოგცემო!
ავსიტყვამ უპასუხა: რომ ვეღარ დაბრუნდე, ვინღა მომცემს და კარგი სიტყვაც დავკარგოო?
წავიდა მეფე. გავიდა ორი წელი. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მის სანახავად.
როცა მივიდა, მეფემ, სანამ ნახავდა, ვეზირს უბრძანა: აჰა, ყიამყრალი (ცუდი ენის მქონე) მოვიდა და ნურავის ამბავს ნუ ჰკითხავ, მაინც ცუდს იტყვის, და ჩემი გოშიის (პატარა ძაღლის) ამბავი გამოკითხეო!
ავსიტყვა მივიდა და მეფის წინ მიწას აკოცა.
ვეზირმა ჰკითხა: კაცთმაწყინარო, მეფის გოშია როგორ არისო?
ავსიტყვამ უთხრა: მოკვდაო.
ვეზირმა ჰკითხა: რა სჭირდაო?
ავსიტყვამ უპასუხა: მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი (ლეში) ჭამა და იმით მოკვდაო.
- აქლემი რამ მოკლაო?
ავსიტყვამ უპასუხა: მეფის დედა გარდაიცვალა, საფლავამდე აქლემს ავკიდეთ და იმან მოკლაო.
მეფეს გულზე ცეცხლი მოედო და ჰკითხა: დედაჩემი რამ მოკლა, რა დაესენაო (რით დაავადდაო)?
ავსიტყვამ ტირილით უთხრა: პირმზე (ლამაზმა) დედოფალმა საწუთრო (წუთისოფელი) დატოვა და მისმა დარდმა მოკლაო.
მეფემ წვერის გლეჯით ჰკითხა: დედოფალს რაღა დაემართაო?
ავსიტყვამ მოახსენა:
- თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმა (შავი ჭირის მსგავსი დაავადება) გაწყვიტა და სიმწარეს ვეღარ გაუძლოო.
მეფემ თავში ცემით ჰკითხა: ალბათ სასახლიდანაც აღარაფერი დარჩაო?
მოახსენა: როცა იქ ვიყავი, თქვენს სასახლეში ბზეს (თავთავის ნალეწი) ჰყრიდნენ და მერე აღარა ვიციო.
თურე ყველა მისი სიტყვა ტყუილი გახლდათ და კაცთა საწყენად იყო მოგონილი.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი