ძაღლი და მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო!
ძაღლმა უთხრა: როგორ ავაშენოთო?
მამალმა უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.
წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა და ყივილი დაიწყო. მელას ხმა მოესმა, მოვიდა და მამალს ჰკითხა:
- მანდ რას აკეთებო?
მამალმა უპასუხა:
- სოფელს ვაშენებთო.
მელამ უთხრა:
- ჩამოდი, სახლის ალაგი (ადგილი) მომიზომეო!
მამალმა უთხრა:
- მამასახლისი მანდ წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომავსო!
მელას მამლის ნდომით აივსო, სიხარბემ სძლია, ძაღლთან მივიდა და მამასახლისობით უხმო: ადექი, სახლის ადგილი მინდაო.
წამოდგა ძაღლი, მელას გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. წავიდა დაკოდილი, გაგლეჯილი და ნათრევი მელა, გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართა, მაგრამ თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი