ერთი კაცი იყო, რომელიც ზეგანზე (მთა) ცხოვრობდა და წალკოტი (ბაღი) არ ენახა.
ჩამოვიდა ბარში, შევიდა წალკოტში და ყველაფერი ნახა: ხეხილი, მწვანე მდელოები... მოეწონა, ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: ყველაფერი კარგად მოგიწყვია და ეს ერთი რამ კი ცუდად: - პატარა ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდი ხისათვის ნიგოზიო!
მიიარ-მოიარა ბაღი და ნიგვზების ძირში დაეძინა. მოვიდა ყვავი, შემოჯდა ნიგოზზე, ჩამოაგდო კაკალი, დაეცა კაცს შუბლზე და გაუტეხა.
ადგა კაცი და თქვა: ღმერთო, შენ უკეთესად მოგიწყვია ყველაფერი, ამ ნიგოზს რომ დიდი ნაყოფი ბმოდა, თავს გამიჭყლეტდაო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი