ერთმა ყრუმ ხარი დაკარგა და მოსაძებნად წავიდა. გზაზე ერთი კაცი შემოეყარა, გამოკითხვა დაუწყო, მაგრამ ის კაცი კიდევ უფრო ყრუ იყო და თურმე ვირი ეპოვნა. მან ხარის ვერაფერი გაიგო და ასე უპასუხა - ვირი თუ შენია, მისი პოვნისთვის გასამრჯელო მაინც მომეციო!
ერთმანეთს ვერაფერი გააგებინეს.
გზაზე ერთი ცხენოსანი კაცი მოდოდა, რომელსაც უნაგირზე ქალი ეჯდა. მივიდნენ მასთან. ერთმა თავისი ხარის ამბავი უთხრა, მეორემ მისი ვირის. თურე ის კაცი კიდევ უფრო ყრუ იყო; ეგონა ქალს მართმევენო და დაიფიცა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არის, სხვისი არ გეგონოთო!
ვერც ერთმა ვერა გაიგო რა.
წავიდნენ ყადთან და ყველამ თავისი საჩივარი თქვა. ყადი თურმე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო (მთვარის კალენდრის მეცხრე თვე), ყადს მომჩივანნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა და თქვა:
- რადგან მთვარე უნახავთ, ნაღარას (დასარტყამი საკრავი) დაჰკარითო!
ვერც ერთმა ვერა გაიგო რა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი