ერთ ქალაქში ორი მოლა ცხოვრობდა. ერთმანეთს ისე მტრობდნენ, რომ ერთად ვერ თავსდებოდნენ; ერთად არც სვამდნენ, არც ჭამდნენ და მხოლოდ იმას ცდილობდენ, ერთმანეთისთვის რამე გაეფუჭებინათ.
ერთ დღეს ნახეს, რომ ერთი მოლა სხვის ცოლთან იწვა. კაცებმა მოლა და ქალი ორივენი შეიპყრეს და ერთ ორმოში ჩაყარეს.
მეორე დღეს, ყადის (მოსამართლე) და მოწმეების მოყვანა და ორივეს სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს.
როცა მეორე მოლამ გაგიგო თავისი მტრის ამბავი. ბევრი ირბინა. დაპატიმრებული მოლას სახლში მივიდა, მისი ცოლი წამოიყვანა, ღამე ორმოში ჩაუსვა და უთხრა: მაგ ქალის სამოსელი ცოლს ჩააცვი და ცოლის - მაგ ქალს, და ზემოთ ამოუშვიო!
მოლამ ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც მტერმა უთხრა.
გათენდა, მოვიდნენ ყადი და მოწმეები. მოვიდა მტერი მოლაც. ამოიყვანეს ორმოდან მოლა და ქალი. მეორე მოლამ თქვა: მე ხომ ყველანი მიცნობთ, მაგის მტერი ვარ, მაგრამ რას ემართლებით უდანაშაულოს, ეს ქალი ხომ მისი ცოლიაო?!
მოლა გაათავისუფლეს.
მერე მოლამ უთხრა:
- შენც იცი, შენი როგორი მტერი ვარ, მაგრამ მისთვის გადაგარჩინე, რომ მეც ავის მქმნელი არ ვეგონო ვინმეს; ჩვენ ერთმანეთის მსგავსნი ვართ - შენც მოლა ხარ და მეცო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი