ერთი მეფე იფიცებდა: სიკვდილი ისე ვერ მომკლავს, მეც რომ არ მოვკლაო!
მოამზადა აბჯარი და ფარ-ხმალი, რომ სიკვდილს მზად დახვედროდა.
როცა დრო მოუვიდა, დასნეულდა და საჭურველი ახლოს დაიწყო. როცა შეწუხდა, ხელი ხმალს მოჰკიდა, მაგრამ ვეღარ ამოიღო.
აგინა სიკვდილსა და უთხრა: ეს რა მამაცობაა? კაცს ჯერ ღონეს წაართმევ და მერმე მოკლავ; თუ გულადი ხარ, პირისპირ შემებრძოლეო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი