ბოლნისის მთის ძირში, გზის პირას, ერთი კარგი ფუნდუკი აეშენებინათ. მეფუნდუკე ისეთი კაცი იყო, რომ ფუნდუკთან გავლილ მგზავრს, ღამეს უსასყიდლოდ ათევინებდა, ასმევდა, აჭმევდა, ცხენს ქერსა და ბზე აძლევდა, მეორე დღეს კი სტუმარს გასამრჯელოს გარეშე ისტუმრებდა.
ერთხელ მეფუნდუკეს ერთი დიდვაჭარი ესტუმრა დიდი ქარავანით. მეფუნდუკე კარგად დაუხვდა. იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა, გზები ჩაიკეტა, ქარავანმა გზა ვერ გააგრძელა და ვერც უკან დაბრუნდა, ამიტომ დიდვაჭარს ზამთრის გატარება ფუნდუკში მოუწია. მეფუნდუკემ სტუმრებს არაფერი გამოართვა და ხალხსაც და აქლემებსაც თავისი ხარჯით გაუმასპინძლდა.
ერთხელ, ერთმანეთში საუბრის დროს დიდვაჭარმა მეფუნდუკეს ჰკითხა: შვილი გყავსო?
მეფუნდუკემ უპასუხა: არა მყავსო. თურმე კეთროვანი შვილი ჰყოლია და მის გამოჩენას მოერიდა: ჩემს სტუმარს არ შეეზიზღოს, ჩემი მასპინძლობა აღარ ეამებაო. ამიტომ, სანამდე ვაჭარი არ წავიდა, შვილი გარეთ არ გამოუშვა.
მოვიდა გაზაფხული, მთა გაიხსნა. დიდვაჭარი წავიდა, იგი ძალიან მადლიერი იყო და სურვილი ჰქონდა მეფუნდუკისთვი სამაგიერო სიკეთით ეპასუხა.
დიდვაჭარის წასვლის შემდეგ მეფუნდუკემ შვილი გამოუშვა.
შვილი გაუნაწყენდა მამას და უთხრა: მაინც გძულვარ და აქედან წავალო. გამოუდგა უკან ქარავანს და დაეწია.
დიდვაჭარმა ჰკითხა: ვინ ხარო?
მან უპასუხა: მეფუნდუკის შვილი ვარ. მართალია უშვილობა დაიბრალა, მაგრამ სინამდვილეში ჩემს გამოჩენას მოერიდა, მახინჯია და სტუმარს მისი ნახვა არ ეამებაო. მე გავუბრაზდი და წამოვედი; წავალ სადმე, რამე მეშველება, ან დავიღუპებიო.
დიდვაჭარმა ფიცი მისცა: თუ რამ გეშველება, გიშველიო! წაიყვანა მეფუნდუკის შვილი და წავიდა. მივიდა შინ, ექიმები მოაყვანინა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს გახდა.
ერთმა ექიმმა უთხრა: თუ ვინმე ორის წლის ერთადერთ, კარგ და ლამაზ შვილს მოკლავს და მის სისხლს კეთროვანს წაუსვამენ, - მორჩებაო!
დაღონდა დიდვაჭარი, მოსაკლავად შვილს ვინ მისცემდა? დიდვაჭარს თავად ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, ზუსტად ისეთი, როგორიც მკურნალმა აუღწერა და თქვა: თუ ჩემი შვილი არ შევწირე, მამის სიკეთე რითი გადავიხადოო? ცოლი სხვაგან გაიტყუა. მოკლა შვილი. სისხლი კეთროვანს წაუსვა, რომელსაც ხესავით მოძვრა ქერქი და განიკურნა.
დიდვაჭარმა მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა და ზეწარი წაახურა.
დიდვაჭრის ცოლი მუცლისა და ძუძუების ტკივილმა შეაწუხა, მივიდა ქმართან და ჰკითხა:
- ძუძუები მეწვის, ჩვენს პირმშოს ხომ არაფერი სჭირსო?
ქმარმა უპასუხა:
- არაფერი სჭირს, ტკბილად სძინავსო.
მივიდა დედა, ბავშვს ძუძუ მისცა, და მანაც წოვა დაუწყო. ამოიყვანა საღსალამათი ბავშვი, რომელმაც დედას სიცილი და თამაში დაუწყო. ბავშვს ყელზე ოქროს სალტესავით აჩნდა რაღაც.
ქალმა ქმარს დაუძახა: ეს რა არისო?
ქმარმა ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყველაფერი უამბო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი