ერთ ცალთვალა მეფეს ხელოვანი მხატვარი ჰყავდა, რომელიც არ მოსწონდა და მიზეზს ეძებდა, რომ სიკვდილით დაესაჯა.
ერთხელ მეფემ უბრძანა მხატვარს:
- მინდა დამხატოო!
მხატვარმა გულში თქვა: ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე, ცალთვალა რომ დავხატო, მომკლავს, როგორ მკადრეო; თუ ორივე თვალს დავუხატავ, მაინც მომკლავს: ჩემი მსგავსი არ არისო.
მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ ეს ხერხი მოიგონა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და საღი თვალით ირემი მიზანში ამოაღებინა.
მხატვარმა ეს სურათი მეფეს მიართვა. მეფემ მიზეზი ვეღარ მოუძებნა და მხატვარი სიკვდილს გადაურჩა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი