იყო ერთი დიდებული და ლხინის მოყვარული მეფე; ერთგულებს გულუხვად ასაჩუქრებდა, ურჩებს კი შიშის ზარს ცემდა. ჰყავდა ბრძენი და კეთილმოუბარი ვეზირი.
ერთხელ მეფემ ჰკითხა ვეზირს:
- ხშირად დიდი მწუხარება მიპყრობს. ისეთი კაცი მომიძებნეთ, რომელსაც არანაირი დარდი არ აწუხებდეს, იქნებ რამე მარგოს და ჩემი ნაღველი გამიფანტოსო.
ვეზირმა მოახსენა:
- უნაღვლო და უდარდელი კაცი ქვეყანაზე არ არსებობს. შენ მეფე ხარ, ყველა ამქვეყნიური სიამენი შენსა ხელთაა, როცა გინდოდეს ეს მწუხარება უკუაგდეო!
მეფეს ეწყინა ასეთი პასუხი და ბრძანა: როგორ, განა ქვეყნად არ არსებობს ისეთი კაცი, დარდი არ აწუხებდესო?
ვეზირმა მოახსენა: არა, მეფეო, არ არსებობსო.
მეფემ მეტი აღარ მოისმინა. დატოვა მეფობა, გადაიცვა სხვა სამოსი, შეჯდა ცხენზე, მცირედი ოქრო წაიღო და წავიდა: არც მონა, არც შიკრიკი და არც დიდებული, თან არავინ წაიყვანა.
მოიარა მთელი ქვეყნიერება და მივიდა ერთ მშვენიერ წალკოტში, რომელსაც თეთრი მარამარილოს გალავანი ჰქონდა შემოვლებული. შევიდა ბაღში და ნახა ზურმუხტისფრად მოხასხასე ბალახის კორდი (მდელო), ზემოდან სურნელოვანი ყვავილები იწონებდნენ თავს. ყურს ატკბობდა: ბულბულთა გალობა, იადონთა სტვენა, შაშვთა მღერა, მერცხალთა ჭიკჭიკი. თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავდა. შუაში ყოველმხრივ შემკული ულამაზესი ფანჩატური იდგა, საიდანაც ანკარა, გემრიელი წყაროები გადმოჩქეფდა.
ფანჩატურში ათი კაცი ისხდა; ზოგი ჭაბუკი, ზოგი მხცოვანი. წინ ხორაგით სავსე გულუხვი ტაბლა (მაგიდა) ედგათ. ილხენდნენ და დიდად ხარობდნენ. ყვავილთა საამო სუნი, ხილთა კრეფა, ფრინველთა ხმა და ღვინის სმა ერთმანეთში ჰქონდათ შეწყობილი. გაჭირვების არანაირი ნიშანი არ ეტყობოდათ.
როცა მეფე მივიდა, მიეგებნენ, დასვეს და სამი დღე ისე მოალხინეს, უკეთესი არ შეიძლებოდა.
მეფემ უთხრა: უნაღვლო კაცებს ვეძებდი და აჰა, თქვენ გიპოვეთო.
მათ მოახსენეს: ჩვენ უნაღვლონი არა ვართ, ყველა დარდიანთა შორის უსაწყლესები გიპოვნივართ, იმდენად მწუხარენი ვართ, რომ ჩვენი დარდი სიტყვებით არ გადმოიცემა. სულ ტყუილად გარჯილხარ, თუ მაგ საქმეზე შეგიწუხებია თავიო.
ჩვენ თუ დაგვიჯერებ, შინ დაბრუნდი, შენი საქმე ინაღვლე, თორემ ჩვენ უარესი ჭირი გვჭირს, რომელიც კაცთაგან არ ითქმის და ვერც ჩვენი ენა იტყვისო.
დააფიცა მეფემ და უამბეს კაცებმა მეფეს თავიანთი მწუხარების ამბავი.
* * * * * * * * *
ერთმა თქვა:
მეფე არაბეთისა
მე არაბეთის მეფე ვიყავი, პატივი და დიდება არ მაკლდა. სალაშქროდ წავედი და მზარეულთუხუცესმა მითხრა: ცხრაასი აქლემი მყავს, სურსათის გადასაზიდად საკმარისი არ იქნება, სხვა აქლემებიც გვიბოძეო.
მეორეს დღეს გაიმართა ბრძოლა. მტერმა მძლია, ჩემი ჯარი ამოწყვიტა და მეც შემიპყრო. მეფე რომ ვიყავი ვერ მიცნეს და საჯინიბოში დამაბეს. მოვიდა მეჯინიბე, მცირე ქვაბში ხორცი მოხარშა და კარში შემომიდგა. შემოიჭრა ერთი ძაღლი და ქვაბში დაიწყო ჭამა. მე დავუყვირე, რომ გამეგდო. ძაღლს ქვაბის სახელური ყელზე გადაეცვა, ქვაბი გაიტაცა და თან წაიღო. გამეცინა. შემოვიდა მეჯინიბე და სიცილის მიზეზი მკითხა. მეც ვუთხარი: გუშინ ცხრაასმა აქლემმა ვერ ზიდა ჩემი სურსათი, დღეს ერთ ძაღლს ემსუბუქა და მისთვის ვიცინი-მეთქი.
როცა ჩემი მეფობა გაიგეს, გამიშვეს, მაგრამ სირცხვილით შინ ვეღარ დავბრუნდი; შემდეგ ეს ბაღი ვიპოვე და აქ მოვედი. მე თუ უნაღვლო ვარ, შენ განსაჯე!
მეორემ თქვა:
ქობულეთის მეფის ძე
მე ქობულეთის მეფის შვილი ვიყავი, ყველაფერი გამაჩნდა, რაც მსურდა. მტერი მყავდა ჩემზე ძლიერი. ჭაბუკად მე ვჯობდი, დიდებით კი იგი აღმემატებოდა.
ცოლი მყავდა ისეთი ლამაზი, მნათობი ცას ისე ვერ გაანათებდა; ყორნის ფრთებივით შავი თვალ-წარბი ჰქონდა, მისი ღაწვების შურით მაისის ვარდი აღარ იშლებოდა, ხოლო ტანადობას კვიპაროსი გაეკვირვებინა. მყავდა და მიხაროდა.
სანადიროდ ვიყავი, როცა მოსულიყო ჩემი მტერი და ჩემი ცოლი წაეყვანა. ჭაბუკობამ ვერაფერი მიშველა. ცოლიც დავკარგე, სამეფოც, სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი და აქ მოვედი. მე თუ უნაღვლო ვარ, შენ განსაჯე!
მესამემ თქვა:
რომაელი კაცი
მე რომაელი კაცი ვარ, ფრიად პატივცემული დიდებული, დიდი მამულისა და ქალაქების პატრონი.
არაფერი მენაღვლებოდა ნადირობის, ნადიმობის, სმა-ჭამის, ჩაცმა-დახურვისა და მოწყალების გაცემის გარდა.
როცა ქორწილს ვაპირებდი, აბანოში შევედი, რათა განვწმენდილიყავი, წამიცდა ხელი და პარსვის დროს საპარსველით (საპარსით) ასო წარვიკვეთე. სირცხვილისაგან შინ ვეღარ მივბრუნდი და აქ მოვედი. მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მეოთხემ თქვა:
გრანდუკას შვილი
მე დიდებული გრანდუკას შვილი ვარ. ჩემს მამას ისე ვუყვარდი, თავის სულს ჩემს ჭირს ანაცვალებდა. ერთხელ დიდებული კაცის შვილი შემრთო ცოლად, ისეთი მშვენიერი, რომ გაბადრული მთვარეც ვერ შეედრებოდა. ცოლი დიდად მიყვარდა.
ერთ დღეს ცოლთან უკითხავად შევედი და მასთან ჩემი მონა ვნახე, ერთად ისხდნენ და სიყვარულობდნენ. როცა დამინახეს, გამერიდნენ. ვუხმე მონას და ქალი მივეცი, ხოლო ცოლს ასე ვუთხარი: არ ყოფილხარ ღირსი დიდებისა და ნურც გექნება-მეთქი. მე სირცხვილნაჭამმა მამა ვეღარც ვნახე, აქ მოვედი და მე თუ უნაღვლო ვიყო. შენ განსაჯე!
მეხუთემ თქვა:
კეისრის სპასპეტი
მე კეისრის სპასპეტი (მხედართმთავარი) ვიყავი. მეფემ სალაშქროდ გამგზავნა. მტერს შევებრძოლე. ჩემი ჯარი დამარცხდა. მე მარტო გამოვიქეცი. როცა დავბრუნდი, განრისხებულმა მეფემ ჩემი სიკვდილი ბრძანა. მის კაცებს გავექეცი. რბენაში ცხენი დამივარდა. უცხენო მაშვრალი შინ მივედი. ცოლი დუხჭირი (ავსანახავი), ყბედი და ავი ენის პატრონი მყავდა. ბევრი მლანძღა და მაგინა; აღარც იქ გავჩერდი, აქ მოვედი და მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მეექვსემ თქვა:
ქვის მთლელი
მე ქვის მთლელი ვიყავი და ხელფასად ყოველ დღე თითო ასპანურს (ფულის ერთეული) მაძლევდნენ. ფულით სასმელ-საჭმელს ვყიდულობდი და იმ ქალაქის გლახაკებს ვუნაწილებდი, მეც ვჭამდი, მათაც ვაჭმევდი და ნამუსრევს არც ძაღლებს ვამადლიდი. მეორე დღისთვის არაფერს შევინახავდი. ასე ვიყავი ყოველ დღე.
ერთი ღვთის კაცი მეწვია, ჩემი ცხოვრება და შრომა რომ ნახა, ღმერთს შეევედრა: შენი ასეთი ერთგული მონა გლახაკად რატომ გყავს, ესეც გაამდიდრეო!
ანგელოზმა უთხრა ღვთის კაცს:
- ჩვენ მაგ კაცის ბუნება ვიცით. სიმდიდრე თუ მივეცით, თავზე ვერ აიღებსო.
თავდებობა ღვთისა კაცმა იკისრა.
მე არც ჩემი სიმდიდრისა და არც ჩემს მიმართ კეთილმოქმედებისა არაფერი ვიცოდი. ერთ დღეს კლდეს ვკვეთდი და ხვრელი გამოჩნდა. გამოვთხარე და აუარებელი განძი ვიპოვე. ოქრო ჩუმად გამოვზიდე. სხვა ქვეყანაში წავედი. ისეთი დიდი კაცი შევიქენი, რომ იმ ქვეყნის მეფის მთავარი ვეზირობა მიბოძეს. ასი ოქროს კვერთხიანი კაცი კართან მედგა. ისეთი ხარბი გავხდი, აღარც გლახაკი მახსოვდა და აღარც ღმერთი.
ანგელოზმა ეს ყველაფერი ჩემს თავდებ ღვთის კაცს მოუთხრო და ჩემთან გამოგზავნა. ღვთის კაცი მოვიდა, ჩემი ხილვა და შეგონება სურდა, მაგრამ ჩემთან ვინ მოუშვებდა? სასტიკად სცემეს და გააძევეს.
ანგელოზმა უთხრა ჩემს თავდებს:
- შენი თავდებობისას რას იტყვიო?
მან უპასუხა:
რა უნდა ვთქვა, ჩემი ბრალია და რაც გენებოთ, მიყავითო!
ანგელოზმა უთხრა:
თუ შენ არ გეწყინება, საკუთარ წერაქვს ვაძებნინებთ, თორემ ხვალ უარესს იზამს; თუ კაცი სიმდიდრესა და პატივს ვერ შეიფერებს, ჯობს ისევ გლახაკად დარჩესო.
მართლაც, არსებულს არ დავჯერდი, მეფის მოკვლა და ჩემი გამეფება განვიზრახე. შეიტყო მეფემ. ყველა ჩემი ხალხი დახოცა. მე გარდმოვიხვეწე. ისევ ჩემს წერაქვს დავუბრუნდი, მაგრამ შიშით ვეღარც ქვის თლა გავაგრძელე და აქ მოვედი. მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მეშვიდემ თქვა:
დიდვაჭარი სპარსი
მე სპარსი დიდვაჭარი ვიყავი. ისეთი ცოლი მყავდა, მისი ბრწყინვალება ცისკარს შეშურდებოდა: თმები ქამანდებს უგვანდა, ტანი ლერწამს. ისეთ სახლში ვაცხოვრებდი, როგორიც მას ეკადრებოდა.
თურმე მისი ქება ედესის მეფის ძის ყურამდე მივიდა. დიდვაჭრად გამოეწყო, მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- შენი ძმადნაფიცი ვიქნები, ჩემი საქონელი კარგად გამიყიდე, სარგებელი მიჩვენე და ასე მადლიერი გამისტუმრეო.
მე მართალი მეგონა. დიდი პატივით ვინახავდი. ჩემს ახლო სახლში დავაყენე. მან კი მოძებნა ბებერი გრძნეული და ჩემს სახლში გაგზავნა. ქალის გული რბილია, ადვილად დაყვა, ვაჭრის ცოლობას მეფის ცოლობა ირჩია.
მეფის ძემ მისი სახლიდან ჩემს სახლამდე ხვრელი გათხარა, ჩემს ცოლს საყურე გამოართვა, მომიტანა და მითხრა: ახლა ვიყიდე და რა ღირსო?
საყურე მაშინვე ვიცანი, მაგრამ არ დავიჩემე და ვუთხარი: კარგად გიყიდია-მეთქი.
შინ წავედი საყურის სანახავად. ვიდრე მივიდოდი, მან ხველი გაიარა და საყურე ჩემს ცოლს უკან მისცა. როცა შინ მივედი, ცოლს საყურის ჩვენება ვთხოვე. მომიტანა და გამიკვირდა. ვუთხარი ქალს მისი საყურის ნახვის ამბავი. მას თურე გულში ეშმაკის ბადე ედო და ასე მითხრა: სამკაული სამკაულს ემსგავსება და კაცი კაცსაო.
მეორეს დღეს მეფის ძემ ჩემი ცოლის ყელსაბამი მომიტანა. ისიც ვიცანი, შინ მაშინვე დავბრუნდი, მაგრამ ცოლმა ყელსაბამი მაჩვენა და იგივე სიტყვები მითხრა. მეც მეგონა, რომ მსგავსი ყელსაბამი ვნახე და ვერ ვიცანი. ასე დაჰქონდა სხვადასხვა ნივთები...
ერთ დღეს მითხრა: ქალი ვიყიდე და მინდა ცოლად შევირთო. მოდი, ნახე, თუ მოგეწონება, შევირთავო.
მივედი, ვნახე და თავზარი დამეცა. გულში ვთქვი: ასეთი მსგავსება შეუძლებელია, მაგრამ შინ რომ მივიდე და ცოლი იქ დამხვდეს, შემრცხვება-მეთქი.
მოვუწონე და შინ წამოვედი. სანამდე მივიდოდი, ქალი ხვრელძი გამოძვრა და რომ მივედი შინ დამხვდა. გამიკვირდა და ვუთხარი მისი მსგავსება. მიწყინა და ასე მითხრა: ჩემი მსგავსი ცისკარი არ არის, შენ ბოზ დიაცზე თვალი გაგირყვნია და მე მადარებო?
დამეთხოვა მეფის ძე და მითხრა: მაყარი შენ იყავი და წამომყევიო!
მოვემზადე, ხარჯიც კი მე გავწიე. ქალი გამოიყვანა, მე მაყრად წამიყანა და წავედით...
სანამდე უკან არ მოვბრუნდი და შინ არ მივედი, ვერ მივხვდი რაც მოხდა. მერე რაღა მეშველებოდა. იქ რა პირით დავრჩენილიყავი? აქ მოვედი და მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მერვემ თქვა:
ვლახეთის მეფის ძე
მე ვლახეთის მეფის შვილი ვარ. როგორც მეფეთა წესია, ისე მზრდიდენ.
მამაჩემმა ჩემთვის ცოლად ერთი დიდებული კაცის ქალიშვილი ითხოვა, რომელიც თხოვნისთანავე მოკვდა.
მეორე ითხოვა და როგორც კი დანიშნეს, ისიც მოკვდა.
მესამე ითხოვა, მეფის ასული და როგორც კი ჩემს წვეულებაზე მესტუმრა, ისიც მოკვდა.
მეოთხე ითხოვა, მეფის და. მშვენებით კრონოსს ჰგავდა და მისი ღაწვები გათლილ იაგუნდს სჯობდა, თვალებიი შევარდენს უგავდა. ქორწილი გადამიხადეს და იგიც მოკვდა.
მეხუთე მასზე უმჯობესი მომგვარა. დაორსულდა, ყრმა შვა, მაგრამ ისიც და ყრმაც - ორივენი დაიხოცნენ.
მაშინ მამაჩემმა მითხრა:
- შვილო. რა ვქნა, სამეფოდ მინდოდი, მაგრამ შენი ბედი თოკივით დაგრეხილა და მისი გასწორება როგორც ჩანს არავის ძალუძს. შენს ბედისწერას ვინ განმარტავს? წადი ჩემგან, გამეცალეო!
წამოვედი და აქ მოვედი. მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მეცხრემ თქვა:
ბუღდანელი დიდებული
მე ბუღდანელი დიდებული ვარ. ცხრა ვაჟი მყავდა და ჩემს დიდებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთი შეუვალი ციხე მედგა. ღვთის გარდა არავის ვეპუებოდი. არ მეგონა, თუ ვინმე ჩემს კეთილდღეობას დაემუქრებოდა. რვა შვილი ჩემი მორჩილი იყო, მეცხრე კი ურჩი და ავი.
დავსნეულდი. სნეულებამ ცოლი, ასული და რვა მორჩილი ვაჟი დამიხოცა. დამრჩა მხოლოდ ურჩი და წყეული ვაჟი. შვილი იყო, ჩემგან მისი მოკვლა არ შეიძლებოდა, მან კი ჩემი სალარო სხვებს დაურიგა, მიიმხრო და გამომაძევა.
იქ ვეღარ გავჩერდი, აქ მოვედი და მე თუ უნაღვლო ვიყო, შენ განსაჯე!
მეათემ ავპირად მითხრა:
- თუ მეფე ხარ, რასათვის დაგიტოვებია მეფობა და ტყუილად დადიხარ? თუ სირცხვილი გაგაჩნია, რად არ იმყოფინებ ამდენ აუგსა და აუგიან სიტყვას? რა მეფის მოსასმენია?! სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ამბავს არ გეტყვი და ვერც ვერავინ მათქმევინებს, უმჯობესია შინ დაბრუნდე და შენი სამეფო მართო!
დაბრუნდა მეფე თავის სამეფოში. ვეზირის სიმართლე აღიარა, დიდი პატივი მიაგო და ყოველივე მომხდარი უამბო.
* * * * * * * * *
ლეონმა მეფეს მოახსენა:
- მეფეო, უნაღვლო ხომ არავინ არის! შენ რამდენჯერ ნაღველი მოგერიოს, კაცი არ გაიკითხო, ვით იქმნების, ანუ მერმე რას იტყვის.
მეფეთაგან სამნი უყვარან ღმერთსა: სიმშვიდე, სიმდაბლე და სულგრძელობა.
მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.
მეფეთაგან სამს ინატრიან ქვეყანანი: ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და სიუხვესა მოუკლებელსა.
მეფეთაგან სამს იქენებენ დიდებულნი: სიტკბოსა წესიერსა, ნადიმსა ამოსა და ჭირში - ჭირსა და ლხინში - ლხინსა.
მეფეთაგან სამს ნდომობენ მხედარნი: ცხენსა მალსა, საჭურველსა მაგარსა და დანახვასა ნამსახურისასა.
მეფეთაგან სამს იღვწიან გლახაკნი: კარსა ღიასა, თხოვისა ბოძებასა და სიხარულით წარვლენასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ მონანი: სავსესა ტაბლასა, ჯამაგირთა მოუკლებლობასა და მალე შეუბეზღებლობასა.
მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურის მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა.
მეფეთაგან სამს ინებებენ მოჩივარნი: საჩივრის სმენასა, აუჩქარებლობასა და დაუფერებლობასა.
მეფეთაგან სამს ინატრებენ ვაჭარნი: თვალთა და ლალთა ცნობასა, ღირებულის მიცემასა და უფასურად ვაჭრობასა.
მეფეთაგან სამს ევედრებიან მოგზაურნი: მეკობრეთაგან მორჩენასა, ზვერის წესად აღებასა, ფუნდუკთა უშუღართა დგომასა.
მეფეთაგან სამს იხვეწებიან შესმენილნი: მობეზღრისა წაყენებასა, ურისხველად ბრძანებასა და მართლებასა თავისასა.
მეფეთაგან სამს ითხოვენ პატიმარნი: შეცოდებისა შენდობასა, რისხვის წყალობად შეცვლასა და ხილვასა პირისა მისისასა.
ესე არს წესი მეფეთა, ესე არს საბოძვარი თემთა, ესე არს გოდოლი სპათა, ესე არს ზღუდე ქალაქთა! რომელმან ჰყოს, იგი და ქვეყანა მისი დაემყაროს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი